Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის, მიმართვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე
2017/06/10

2017 წლის 9 ივნისი

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო,

პატივცემულო სტუმრებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

მოხარული ვარ, რომ დღეს აღვნიშნავთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღეს, რომელიც ასევე უკავშირდება ღირსშესანიშნავ თარიღს - საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს.

ვსარგებლობ შემთხვევით და საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხი სახელით, გულითადად გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს.

საქართველოსა და ჩინეთს, ტრადიციულად, ერთმანეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. ეს ურთიერთობა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება.

დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ამას ნათლად ადასტურებს ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება, მაღალი დონის ვიზიტები როგორც საქართველოში, ასევე - ჩინეთში და თანამშრომლობის შედეგად მიღწეული კონკრეტული შედეგები.

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. ცოტა ხნის წინ, პეკინში, ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც ჩვენს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ საქართველოში საქმიანობა დაიწყეს მსხვილმა ჩინურმა კომპანიებმა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება; რამდენიმე მათგანი უკვე წარმატებით დამკვიდრდა ქართულ ბაზარზე. ყალიბდება ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მიმართულებები. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ერთობლივი საწარმოების მშენებლობა, რომლებიც ქართულ-ჩინურ პროდუქციას გამოუშვებს. ასევე გაიზარდა ქართველი ბიზნესმენების დაინტერესება ჩინეთის ბაზრის უზარმაზარი შესაძლებლობების მიმართ.

ყველა ამ წარმატებას ემატება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ბატონი სი ძინ პინის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი გლობალური პროექტი „ერთი სარტყელი - და ერთი გზა“, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივას ქმნის ორი ქვეყნის ურთიერთობებში და ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისითაც. საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას.

როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ რეგიონული კავშირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

ამავე დროს, ინტენსიურად ვითარდება ურთიერთობები ჰუმანიტარულ სფეროში; დინამიკურად იზრდება ხალხთა შორის კონტაქტები. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რათა მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში და ქართველებმაც აქტიურად მოინახულონ ეს უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით გამორჩეული ქვეყანა.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი სახელმწიფოების მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება.

ბატონო ელჩო,

მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის და ჩვენს ქვეყნებს შემდგომ წარმატებებსა და კეთილდღეობას ვუსურვებ.



[Suggest to a Friend]
       [Print]