Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბ-ნი მიხეილ ჯანელიძის მიმართვა
2016/02/11

თბილისი, 2016 წლის 7 თებერვალი

თქვენო აღმატებულებავ ბატონო ელჩო (ძი იანჩი),

პატივცემულო კოლეგებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

· ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულთან - გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებით, რომლითაც ჩინური კალენდრის მიხედვით აღინიშნება ახალი წლის დადგომა. მსურს ეს დღე მთელი გულით მივულოცო ჩვენს მეგობარ ჩინელ ხალხს და ვუსურვო, რომ 2016 წელი მათთვის ყოფილიყოს ბედნიერების, წარმატებების და კეთილდღეობის მომტანი.

· ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ ელჩს მივულოცო მისიის დაწყება საქართველოში. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში და გამოვთქვამ რწმენას, რომ საქართველოში თქვენი მოღვაწეობის პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

· უკანასკნელ პერიოდში ჩვენ მოწმენი ვართ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ინტენსიფიკაციისა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი რეგიონთაშორისი პროექტის „ერთი გზა - ერთი სარტყელი“-ს კონტექსტში. ხსენებული პროექტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

· დღეისათვის ჩინეთი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს საქართველოში და მუდმივად მატულობს ამ მხრივ ჩინური კომპანიების დაინტერესება; იზრდება ორმხრივი ვაჭრობა; ჩინეთი შედის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სამეულში.

· უახლოეს მომავალში, მხარეებს შორის დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისთვის, რაც საგრძნობლად გაამყარებს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს.

· არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩინეთს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავება; ყოველწლიურად იზრდება საქართველოში ჩინელ ვიზიტორთა რიცხვი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახლო მომავალში ტურიზმის მიმართულებით კიდევ უფრო დიდი პროგრესი ვიხილოთ. ასევე ვითარდება ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებშიც.

· მინდა მადლიერება გამოვხატო ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო განუხრელად უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“.

· აშკარაა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს მნიშნელოვანი იმპულსი მიეცა და მე ვიმედოვნებ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

· ბატონო ელჩო, მადლობას მოგახსენებთ გულითადი მასპინძლობისთვის ამ შესანიშნავ საღამოს.

· მინდა შემოგთავაზოთ საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობის სადღეგრძელო და ვუსურვო ჩვენს ქვეყნებსა და მთელს მსოფლიოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერი ახალი წელი.

გან პეი (გაუმარჯოს)!



[Suggest to a Friend]
       [Print]