Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის ელჩის მიმართვა ფაშისტური იაპონიის წინააღმდეგ ომში მონაწილე ქართველი ვეტერანებისათვის გამართულ ღონისძიებაზე
2017-09-04 13:47

პატივცემულო ვეტერანებო და ოჯახის წევრებო,

ბატონო გამგეობის თავმჯდომარევ,

დამსწრე საზოგადოებავ,

საღამო მშვიდობის!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩინეთის საელჩოში. გასული წლის სექტემბერში, ჩვენ ვეტერანთა კავშირში შევხვდით ერთმანეთს. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და კიდევ ერთხელ მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა. პირველ რიგში, მინდა გულითადი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გამოვხატო აქ დამსწრე ვეტერანების მიმართ, რომლებიც ფაშისტური იაპონიის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას!

დღეს ჩინელი ხალხის იაპონელ დამპყრობლებზე და მსოფლიოში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს მთელი მსოფლიოს ერებისთვის ღირსშესანიშნავი თარიღია. 72 წლის წინ, ამ ომმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა და 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩინელმა ხალხმა თოთხმეტწლიანი უმძიმესი ომის პერიოდი გამოიარა, რომლის დროსაც დაიღუპა და დაშავდა 35 მილიონი კაცი, ხოლო პირდაპირმა ეკონომიკურმა ზარალმა 600 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მხოლოდ ასეთი მსხვერპლის ფასად შეძლო ჩინეთმა იაპონელი აგრესორების დამარცხება. დიდი სისხლის ღვრის ფასად აღმოსავლეთის ფრონტზე მოახდინა ისტორიული სასწაული და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე საყოველთაო გამარჯვებასა და ომისშემდგომ სამშვიდობო წესრიგის დამყარებაში.

საქართველომ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1/5 წავიდა ფრონტზე, მათგან 350 ათასმა კაცმა საკუთარი სიცოცხლეც გასწირა. აქ მყოფი ვეტერანების მსგავსად, ბევრი ქართველი ჯარისკაცი შორეულ ჩინეთში, ჩინელი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდა. მათ ერთად დაამარცხეს იაპონელი აგრესორები და დიდი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე საყოველთაო გამარჯვებაში. ჩინელი ხალხი არასდროს დაივიწყებს თქვენს თავდადებას, მუდამ აღგვაფრთოვანებს თქვენი პატრიოტიზმი, სამართლიანობა და თავგანწირვა. ჩინელი ხალხი ძლიერ აფასებს თქვენ მიერ გაღებულ სისხლსა და ჯაფას, რომლითაც გამოიბრძმედა ჩინელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა. ჩინელი ერი თქვენი მადლობელია.

წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება. 25 წლის მანძილზე ორმხრივი ურთიერთობა სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდებოდა. პოლიტიკაში ვინარჩუნებთ ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობას, ეკონომიკაში - თანამშრომლობასა და ერთობლივ განვითარებას; რაც შეეხება ჰუმანიტარულ სფეროს, მუდამ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას, ვაძლიერებთ კონტაქტებსა და მიმოსვლას; საერთაშორისო საკითხებშიც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. მან სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი გახდა. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის მხრივ თანამშრომლობაც კარგად დაიწყო. ამ პროექტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მომავალში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ჩვენ გვაქვს მიზეზი გვჯეროდეს, რომ ორმხრივი ძალისხმევის შედეგად სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კიდევ უფრო ნაყოფიერი და რეალური სარგებლის მომტანი იქნება ჩინელი და ქართველი ხალხისთვის. ჩინეთის საელჩოს თითოეული თანამშრომელი მზადაა თავისი წვლილი გაიღოს ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის შემდგომი გამტკიცებისთვის.

ჩვენი საელჩო ვეტერანებისადმი პატივის მისაგებ ღონისძიებას ყოველ წელს მართავს. ამით გვსურს გამოვხატოთ ჩინელი ერის მადლიერება. თქვენთან შეხვედრა ყოველთვის უზომოდ მიხარია და თან განცდებით მავსებს. დრო არავის ინდობს, ვეტერანები ერთმანეთის მიყოლებით სამუდამოდ გვტოვებენ. წელს ჩვენ გვერდით აღარ არიან ანა ფიცხელაური და მატევოსან აუმენაკი. მინდა მოვიხსენიო ისინი და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. აქ მყოფ ვეტერანებს კი ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. თქვენ ჩაუყარეთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას საფუძველი და ჩვენ აუცილებლად მოვუფრთხილდებით ამ ძვირფას მეგობრობას, გადავცემთ მომავალ თაობებს და კიდევ უფრო გავაღრმავებთ მას. გმადლობთ!



[Suggest to a Friend]
       [Print]